კოოპერატივი წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლების გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოებაა, რომელიც ხელს უწყობს ფერმერს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონის მოსახლეობის ხელშეწყობის საქმეში.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი სარგებლობს უპირატესობით:
1. მიიღოს გრანტი;
2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში დასაქმებულების უფასო სწავლება-გადამზადება და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები;
3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, როგორც გაერთიანება, კრედიტუნარიანად ითვლება და საკრედიტო რესურსი მისთვის უფრო ხელმისაწვდომია;
4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრებს მეტი შემოსავალი აქვთ, ხარჯი კი ნაკლები, რადგან დანახარჯები რამდენიმე სუბიექტზე ნაწილდება.
5. კოოპერატივის ქონება, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, ქონების გადასახადით არ იბეგრება;
6. მოგების გადასახადით არ იბეგრება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი და გრანტი.
კოოპერატივის შექმნისთვის საჭიროა გლეხების გაერთიანება დარგების მიხედვით. იმ სოფლებში, თემებსა და დაბებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, მაღალმთიან რეგიონში კოოპერატივის წევრთა რაოდენობა 3-ზე, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე კი, 5-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
კოოპერატივი მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, თუ მისი მართვა პროფესიონალურად მოხდება და მკაცრად იქნება ორიენტირებული ბიზნესზე. რაც საოჯახო მეურნეობის გაფართოებასა და კონკურენტული საქონლის წარმოებაზეა დამოკიდებული.
სოფლის მეურნეობისა და სურსათის სექტორის მოდერნიზაციას უდიდესი მნიშნელობა აქვს საქართველოში უფრო ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის. რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის და იმ სავაჭრო დეფიციტის შემცირებისთვის, რომელშიც წვლილის შეტანა სოფლის მეურნეობას შეუძლია.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, რეგისტრირებულია 1 549 კოოპერატივი, სადაც გაერთიანებულია 13 282 მეპაიე. სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კოოპერატივების რაოდენობა კი 1 041-ს შეადგენს.რეგიონების მიხედვით კოოპერატივების რაოდენობით პირველ ადგილზეა სამცხე-ჯავახეთი – 356 კოოპერატივით. შემდეგ მოდის ქვემო ქართლი – 224 კოოპერატივით, მესამეა აჭარა, სადაც 157 კოოპერატივია რეგისტრირებული. მეოთხე პოზიცია უკავია კახეთს – 135 კოოპერატივით. ხუთეულის ბოლოში კი სამეგრელოა – 124 კოოპერატივით. თუ კოოპერატივებს დარგების მიხედვითაც დავაჯგუფებთ, ყველაზე მსხვილ სამეულს მეფუტკრეობა (380 კოოპერატივი), მესაქონლეობა (290) და თხილის წარმოება (90) წარმოადგენს.