1866 წელს ბესარიონ და ნიკოლოზ ღოღობერიძეები, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი და სხვანი იწყებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობას, როგორიც ქუთაისში ბანკის დაარსება გახლდათ. ბანკის წესდების პროექტის შესადგენად შეიქმნა 25 კაციანი კომისია. სამწუხაროდ, 6 წლიანი არსებობის მანძილზე კომისიამ ვერ შეძლო წესდების შექმნა.
1873 წელს უკვე შედგენილი იყო ბანკის პროექტი ნიკოლოზ ღოღობერიძის მიერ.
,,ამ დღეებში გადაწყდა ქუთაისში ექვსი წლის გაჭიანურებული, დაუბოლავებული და თავმოუბმელი ,,ბანკის საქმე”. ამ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებულია, ჩვენი საზოგადოების აზრით, ჩვენი ქვეყნის მომავალი თუ არა ჩვენი აზნაურობის ბედი ხომ მაინც. მომავალი ბანკიდან გაკეთებას და სულის ჩადგმას ელის ჩვენი გაღატაკებული საზოგადოება. იმან წელი უნდა გაუმაგროს ჩვენს აზნაურობას და მომავალი დაუმზადოს შემდეგ თაობას, იმაზე ბრუნავს მთელი მხარის იმედი და იმას შეჩერებია, მისგან დახსნას მოელის მთელი ჩვენი ქვეყანა,” – წერდა ნიკო ნიკოლაძე 1873 წელს.
ბანკი ოფიციალურად გაიხსნა 1876 წლის პირველ მაისს. მას ხელმძღვანელობდა გამგეობა, რომლის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ბესარიონ ღოღობერიძე. ილია ჭავჭავაძე ასევე ნიკო ნიკოლაძე, აკაკი წერეთელი და სერგეი მესხი ღოღობერიძის მოწინააღმდეგეთა რიგებში აღმოჩნდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ ბესარიონ ღოღბერიძე არ იყო ამ საქმისთვის შესაფერისი კანდიდატი. სერგეი მესხი მეუღლეს წერდა „ჩვენ ე.ი. მე, ნიკოლაძეს და აკაკის ერთი მხრივ და ილიას ჭავჭავაძეს და საზოგადოთ ღოღობერიძეებს მეორე მხრივ, ცოტაოდენი კინკლაობა მოგვივიდა. ქუთაისში დაიწყო საქმე, ჩვენ ერთი მხრივ ვიყავით, ცალკე პარტიას შევადგენდით და ღოღობერიძეები მეორე მხრივ.”
თუმცა, მოგვიანებით, ილია ღოღობერიძეს მიემხრო, რადგან, ჩათვალა რომ საქმის მცოდნე იყო და მისი პროფესია დაეხმარებოდა ბანკის მართვაში. ილიას ამ მოსაზრებას, მეგობრები არ დაეთანხმნენ და გამწვავდა ურთიერთობა მათ შორის. მეორე წერილში სერგეი მესხი წერდა „ბესარიონ ღოღობერიძისადმი ილიას მიმხრობამ გამოიწვია. ამიტომ ჩვენ შორის ხომალდები დავწვით და ყვეელაფერი გათავდა”.
ბანკის არსებობიდან ერთი წლის შემდეგ გამგეობა შეიცვალა და მისი თავმჯდომარე ნიკოლოზ ღოღობერიძე გახდა.
1880 წლის 14 იანვარს კირილე ლორთქიფანიძის თაოსნობით გაიხსნა საადგილმამულო ბანკის უფასო მოსამზადებელი სკოლა, წერა-კითხვის უცოდინარი ხელმოკლე ოჯახის ბავშვებისათვის საგიმნაზიოდ. სწორედ კირილე ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა 1898 წლიდან ქუთაისის საადგილმამულო ბანკს და მიაჩნდა, რომ რუსეთის ცარიზმის პირობებში სათავადაზნაურო ბანკი იყო ერთადერთი ეკონომიკური ძალა, რომელსაც შეეძლო ქართველი ხალხის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობისთვის მყარი მატერიალური საფუძველი შეექმნა.
1900 წლიდან კი, ნოე ჟორდანია აქტიურად შეუდგა სათავადაზნაურო ბანკის კრიტიკას, მის მიერ გამოქვეყნებული სტატია გაზეთ ,,კვალში” ბრძანებს: „ჩვენებური სათავადაზნაურო ბანკი ორ დედააზრზეა აშენებული: ერთის მხრით ის არის დაწესებულება ბურჟუაზიულ-ფინანსიური…” რასაც ილია ჭავჭავაძის პასუხიც მოჰყვა: ,,… ერთი ჰკითხეთ ბ-ნს ნოე ჟორდანიას: რას ნიშნავს აქ სიტყვა „ფინანსიური”? აშკარაა, აქ ამ სიტყვით გაუბერავს ფრაზა, და მნიშვნელობა მისი-კი არ ესმის, არა სცოდნია. „ფინანსიური დაწესებულება” იგია, რომელიც განაგებს „ფინანსებს”, ესე იგი სახელმწიფოს შემოსავალგასავლის საქმეებს. რა აქვს საერთო სათავადაზნაურო ბანკს „ფინანსურ დაწესებულებასთან”? სრულიად არაფერი. ბანკი საკრედიტო დაწესებულებაა და „ფინანსურ დაწესებულებასთან” ისეთივე მსგავსება აქვს, როგორც ზღვასა და ხმელეთს, წყალსა და ცეცხლსა. განა აქედამ აშკარად არა სჩანს, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია – ეს თვალაბმული თუთიყუში – იმდენად უმეცარია, რომ ამ ორი სიტყვის – კრედიტის და ფინანსის მნიშვნელობაც-კი ვერ გაურჩევია, არა სცოდნია. აფსუს გერმანიავ! ბ-ნი ჟორდანია მითამდა სწავლისა და ცოდნისათვის იქ იყო წასული, მაგრამ, როგორც ეტყობა, ცარიელი წასულა და ცარიელივე დაბრუნებულა. სირცხვილი გერმანიას! ასე ცარიელი როგორ გამოუსტუმრებია, რომ არც-კი უცოდინებია, – რა არის საკრედიტო დაწესებულება და რაა ფინანსიური. ეს ანბანი პოლიტიკურ ეკონომიის მეცნიერებისა რომ ვერ გაუგია და ვერ უსწავლია, მოდით და ახლა დაუჯერეთ, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია გაგებული და შიგ-ჩახედული მარქსისტია. მაგრამ გერმანიისა აქ რა ბრალია. გოგრა ვერ გახდება შირაზის შუშად, რაც გინდა მაღლა თაროზე დასვათო, ნათქვამია. აქ მიზეზი კაცია და გუნება, და არა გერმანია.”
ჟორდანიას მეორე ბრალდებას, „მეორე მხრითაო, – ამბობს ჩვენი ბრძენი მარქსისტი: – ჩვენებური სათავადაზნაურო ბანკი თავადაზნაურულ-წოდებრივიაო” ილია შემდეგნაირად პასუხობს: ბანკის დაწესებულებას განაგებს და შეადგენს თავადაზნაურობასთან ერთად, ყველა წოდების კაცი, იქნება ეს გლეხი, ვაჭარი, თავადი, აზნაური თუ მღვდელი, ვისაც კი ვალი აუღია ბანკისაგან. ერთ-ერთ საბუთად იშველიებს იმას, რომ ბანკის გამგეობისა და ზედამხედველ კომიტეტის წევრად ყოფნა ყველა წოდების კაცს შეუძლია, თუ ამორჩეული იქნება. ნოე ჟორდანიას ამ წერილში გაისმის შემდეგი ბრალდებაც: „ბანკის დამფუძნებელთ ეყიდებათ მამული და ღატაკდებიან”. ამ ბრალდებასაც ილია კრიტიკულად პასუხობს, ბანკს საქმე აქვს მხოლოდ იმასთან, ვისაც ბანკში მამული გირაოდ შეუტანია და ვალად ფული აუღია. ამისთანა კაცს კი ვალის ამღები ჰქვია და არა „დამფუძნებელი”. დამფუძნებელი ბანკის მხოლოდ დამაარსებელია და მას არავითარი ქონებრივი დამოკიდებულება არა აქვს ბანკთან. ბანკი იმათ უყიდის მამულს, ვინც დროზე ვერ დააბრუნა ფული და ასე რომ არ მოხდეს, ბანკი თავისი ხელით გაითხრის საფლავსო. ილიამ ნოე ჟორდანიას სიტყვის მნიშვნელობის უცოდინრობაშიც დასდო ბრალი. წერილის დასასრულს ილია ჩვეული სარკაზმით ამბობს: ,,ბ-ნი ჟორდანია, უვიცი, უცოდინარი კაცია და არც სურვილი აქვს იცოდეს რამე, არც საკუთარი აზრი აბადია, რაც სხვისგან თუთიყუშივით არ გაუზეპირებია. ხუთი-ექვსი ფრაზა უსწავლია რუსულ-მარქსიზმისა, ისიც იმისთანა მარქსისტებისაგან, რომელთანაებზე თვითონ მარქსმა თქვა: ,,რაც გინდათ დამარქვით, ოღონდ მარქსისტობას ნუ დამწამებთო, ასე იუარა მარქსმა, იმისთანა მარქსისტები, როგორიც დღეს ჩვენში ბ-ნი ჟორდანია და მისი წილადობილნი არიან”.
ასეთი კრიტიკის ქარ-ცეცხლში ქუთაისის საადგილმამულო ბანკმა იარსება 1921 წლამდე და თავისი არსით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა რუსეთში არსებული ანალოგიური დაწესებულებებისგან. ის ევროპული ტიპის პირველი მსხვილი საკრედიტო დაწესებულება იყო ჩვენში. თუმცა, მარტო საკრედიტო დაწესებულება არ ყოფილა. მის მოღვაწეობაში წამყვანი ადგილი ეკავა საზოგადოებრივ ინტერესებს. შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, ქუთაისის ბანკი დასავლეთ საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მატერიალურ დასაყრდენს და მის ორგანულ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულია აღნიშნული ბანკის 8803 შესანახი ერთეული, რომლებიც სრულად ასახავენ აღნიშნული დაწესებულების საქმიანობას. ბანკი აფინანსებდა სათავადაზნაურო გიმნაზიას, რამდენიმე სკოლას, ქართულ თეატრს, ქართული წიგნის გამოცემას. არქივის ფონდში დაცული დოკუმენტები მრავალფეროვანია. მასში, უშუალოდ ბანკის მუშაობის არაერთ საინტერესო დოკუმენტთან ერთად, დაცულია მასალები ბანკში დაგირავებულ ქონებაზე და დამგირავებლებზე. აღნიშნული მასალიდან ყურადღებას იმსახურებს ცალკეულ შენობა-ნაგებობების გეგმები და პროექტები. მხოლოდ ქუთაისის შესახებ დაცულია 140 გეგმა-პროექტი, მათ შორის ისეთი დაწესებულებების როგორიცაა ქართული გიმნაზია, კინოთეატრი ,,რადიუმი”, რეალური სასწავლებელი და სხვ. ასევე დაცულია ბათუმის 51, სოხუმის – 45, ფოთის – 29, თბილისის – 84 შენობის პროექტი და სხვ. დიდი რაოდენობითაა ცალკეული ადგილ-მამულების გეგმები. დოკუმენტები, რომლებიც ბანკის სხვადასხვა დაწესებულებასთან ურთიერთობას ასახავს.