ზაურ კუდუხოვი გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს. მან გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსების ფაკულტეტი დაამთავრა, ახლა კი მაგისტრატურაზე აგრძელებს სწავლას. ერთი წლის წინ მომგებიანი ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა, რომელსაც გაფართოების დიდი პერსპექტივა ექნებოდა. ამისთვის მან ქართული ბაზრის კვლევა დაიწყო, რათა გაერკვია, რა პროდუქტის ნაკლებობა შეინიშნებოდა და აღმოაჩინა, რომ მწყრის ხორცის და კვერცხის დეფიციტს ჰქონდა ადგილი. იმ მომენტიდან მან მიზნად დაისახა მწყრის ხორცისა და კვერცხის წარმოება.
„დაახლოებით 9 თვეა რაც მინი ფერმა ავაშენე და პროდუქციის წარმოება დავიწყე . უნდა ვაღიარო, რომ გაცილებით მარტივი და იოლი მეგონა საქმის წამოწყება, ვიდრე რეალობაშია. თუმცა, როდესაც ნებისმიერი დაბრკოლებისთვის მზად ხარ, რთული აღარაფერია. მითუმეტეს სტიმულს გაძლევს ის გარემოება, რომ მიდიხარ შენი გეგმით და ამასობაში მიზანიც ახლოვდება“, – ამბობს ზაური.
როდესაც წარმოებას შეუდგა, მან პარალელურად ფინანსური მხარდაჭერა პროექტ YES Georgia-ს საშუალებით მოიპოვა და ყველა საჭირო ინვენტარი და დანადგარი შეიძინა, რაც აუცილებელი იყო წარმოების პროცესში.
“YES Georgia-სგან შევიძინე ის აუცილებელი განათლება და გამოცდილება, რომელმაც განაპირობა ჩემი ბიზნესის ამჟამინდელი წარმატება. ასევე მისი საშუალებით გავიცანი ახალგაზრდა მეწარმეები, რომლებიც სრული სულისკვეთებით და დიდი სიყვარულით ახორციელებენ თავიანთ იდეებს. მათი გამოცდილების გაზიარება ძალზედ სასარგებლოა დამწყებ მეწარმეებისთვის”, – ამბობს ზაური.
ზაური პროდუქციის რელიზაციას გორისა და თბილისის მაღაზიებში აკეთებს. გაყიდვის დაწყებიდან 5 თვის შემდეგ მას უკვე მომხმარებელთა დიდი არმია ჰყავს.
შესაბამისად, წარმოების მასშტაბებიც იზრდება და ზაურიც განაგრძობს ახალი ბაზრების გასაღების ძებნას და პოტენციურ მომხმარებელთა აღმოჩენას.
„ვცდილობ ჩემი პროდუქტი სხვა კონკურენტი მწარმოებლების პროდუქტისგან უფრო ხარისხიანი, განსხვავებული, ხელმისაწვდომი, და მოთხოვნადი იყოს. რაც შეეხება ხარისხს, ამ ნიუანსს განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რათა ერთ-ერთი დიდი განმასხვავებელი ფაქტორია კონკურენტებისგან“,- ამბობს ზაური.
ის პროდუქტს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნების სრული გათვალისწინებით აწამრმოებს, რომლის საფუძველზეც მუდმივი აღიარება აქვს მინიჭებული.
ყველა სიახლე მომხმარებელს შეუძლია იხილოს სპეციალურ ფეისბუქის გვერდზე – ქართული მწყერი და კვერცხი.
„ვცდილობ ჩემი პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, როგორც ფასის, ასევე ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. დაინტერესებულ პირს ჩვენი პროდუქტი ჯერკერობით გორისა და თბილისის რამოდენიმე მაღაზიაში შეუძლია შეიძინოს. რეალიზაცია ხდება ასევე ინტერნეტის საშუალებით: mymarket.ge და ფეისბუქის გვერდი. მიწოდებას ვახორციელებ მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით“, ამბობს ზაური.
მომავალში ის აპირებს ბიზნესის მასშტაბების გაზრდას, რათა მსხვილი სავაჭრო ქსელები სისტემატიურად მოამარაგოს. თუმცა, ამ მიზნის მიღწევა უზარმაზარ შრომას მოითხოვს, რომელსაც ყოველ დღე ზაური მაქსიმალურად ხარჯავ. ამავდოულად, ეძებს პოტენციურ ინვესტორს, რომელიც დაეხმარება ბიზნესის გაფართოებაში და მიზნის მიღწევაში.