პირველი ქართული ბეჭდური რეკლამა 1861 წელს დაიბეჭდა პირველ ქართულ სასოფლო-სამეურნეო ორკვირეულ ჟურნალ „გუთნის დედაში“, სადაც აღწერილი იყო გუთნის დედა, რომელსაც თან ახლდა ანოტაცია მოხმარების შესახებ. ასევე, იმპორტული საქონელის ფოტოები: ,,დღეში ცხრა თუნგისმომწველი ფლამანდრული ძროხა.”

ჟურნ „გუთნის დედა“. №1. 1861,გვ. 1.
საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებაზე განცხადებები და რეკლამები ქვეყნდებოდა გაზეთ „ივერიის“ გვერდებზე. რეკლამების უმრავლესობა შეეხებოდა მომსახურების სფეროს, სხვადასხვა პროდუქციის იმპორტსა და ადგილობრივ წარმოებას. დავიწყოთ მომსახურების სფეროთი სადაც იმდროინდელიტფილისის სასტუმროების რეკლამები ჭარბობდა. მათგან ერთ-ერთი პირველი იყო თანამედროვე რუსთაველის გამზირის №19-შიმდებარე „საბადური“.

გაზეთ „ივერიის“ერთ–ერთი ნომრის პირველი გვერდი
1890-იანი წლების ტფილისში, თანამედროვე რკინიგზის სადგურის მახლობლად მდებარე სასტუმრო „აბაშას“ რეკლამა გვამცნობს, რომ ოთახების ფასი მერყეობს დღეში 60კაპიკიდან 1,5 მანეთამდე.
რეკლამების უმეტესობა მასიმალურად იუმორისტული იყო.
„ლაღიძის წყლების“ რეკლამა შემდეგნაირად ჟღერდა: „თუ გინდა იყო ლამაზი ქალი, უნდა დალიო ლაღიძის წყალი“. მოგვიანებით, სარეკლამო ტექსტი შეცვალეს შემდეგნაირად: „მოითხოვე ყველგან, ერიდე სიყალბეს“.

რეკლამა უკეთდებოდა ასევე უცხოურ ნაწარმსაც: ფეხსაცმელებს, ე. წ. საკერავ და სათიბ მანქანებს, თერძებს და ა. შ.სარეკლამო ტექსტები კი დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო: „ფასები შეუვაჭრებლად“, „სლავიანსკი ნომრები როგორც ოჯახისთვის, ისე უცოლშვილოებისთვის“.
უცხოური პროდუქციის რეკლამებით გაზეთი „ივერია“გამოირჩეოდა. მაგალითად, “Nestle”-ს რძის ფხვნილის რეკლამა. საინტერესოდ ჟღერდა, რეკლამა, რომელიც ჰიგიენას ეხებოდა და მკითხველს სთავაზობდა სადეპილა-ციო საშუალებას 2,5 მანეთად. ხელსაწყო დამზადებული იყო გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში.

ტფილისში სადაზღვეო მომსახურების გამოჩენისთანავე, ჩნდება სარეკლამო განცხადებებიც. მაგალითად, ერთი ფრანგული სადაზღვევო კომპანია „ურბენი“ მომხმარებელს მომხმარებელს სთავაზობდა სიცოცხლის დაზღვევას. იმავე გაზეთში (ივერია) გამოქვეყნებული იყო სადაზღვეო კომპანია ,,იაკორის“ რეკლამაც. მას „ურბენისგან“ განსხვავებით მოქმედების უფრო ფართო არეალი გააჩნდა და აზღვევდა ხანძრისგან მიღებულ ზარალსაც კი. სადაზღვეო პაკეტების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა სადაზღვეო კომპანია „როსია“. აღსანიშნავია სანქტ-პეტერბურგის სადაზღვევო კომპანია „ნადეჟდას“ შემოთავაზებები ქართული მოსახლეობისათვის. კომპანია სხვადასხვა სახის ტვირთის დიდ მანძილზე გაგზავნისას ხელსაყრელ დაზღვევას უზრუნველყოფდა.

განცხადებები ვრცელდებოდა იმ წიგნებსა თუ ჟურნალ-გაზეთებზე, რომლებიც ამ პერიოდში იბეჭდებოდა და იყიდებოდა საქართველოსა და მთელი რუსეთის იმპერიის ფარგლებში.

საინტერესოა სხვადასხვა სასწავლებლების-პანსეონებისა და პროგიმნაზიების – რეკლამები. გაზეთ „ივერიაში“ ვხდებით განცხადებას „სასწავლებელი და პანსეონი ჯორჯიკიასი“. რეკლამიდან ირკვევა, რომ ეს სასწავლებელი ერთგვარ მოსამზადებელ დაწესებულებას წარმოადგენდა მათთვის ვისაც სურდა სხვა სასწავლებლებში გაეგრძელებინათ სწავლა.
მრავლად გვხდება თამბაქოსა და სხვადახვა ზეთიანი საღებავების რეკლამები. მაგალითად, ცნობილი თამბაქოს მწარმოებელი, ტფილისელი ნიკოლაი ბოზარჯიანცი გაზეთებს იყენებდა არა მარტო საკუთარი ნაწარმის პოპულარიზებისთვის, არამედ ცრუ ინფორმაციასთან და არალეგალურ თამბაქოსთან საბრძოლველად. მაგალითად, 1883 წლის 24 სექტემბერს გამოქვეყნდა ბოზარჯიანცის განცხადება, სადაც მწარმოებელი აღნიშნავდა, რომ ბევრი თამბაქოს ფაბრიკანტი ყალბ სახვევებს ამზადებდა და რომ ამიერიდან „ყველანაირი თამბაქო და პაპიროზები ჩემის ფაბრიკისა გამოვლენ ამავე ნიშნით (ნიშანი 10-შტუკიანი პაპიროსის გასახვევად – ე. ა.).“

რეკლამების უმრავლესობა გაზეთის ბოლოს, ძირითადად, მე-4 გვერდზე იყო განთავსებული, რადგან მანდ გამოქვეყნების ფასი ერთი სტრიქონი 8 კაპიკი ღირდა. პირველ გვერდზე რეკლამის განთავსება ერთისტრიქონი 16 კაპიკს უდრიდა. სრული მეოთხე გვერდის დაკავების შემთხვევაში ფასი მთელ 16 მანეთს აღწევდა. თუმცა ეს არ იყო რეკლამების განთავსების ფასის ლიმიტი. მაგალითად, „ივერიის“ სრული პირველი გვერდის დაკავების შემთხვევაში, კლიენტს უნდა გადაეხადა მთელი 60 მანეთი.

გაზეთებში განთავსებული რეკლამების რაოდენობა და ხარისხი მეტყველებდა არა მარტო საკუთრივ ჟურნალ-გაზეთების პოპულარობაზე, არამედ იმაზეც, რომ ქვეყანაში ფართო მასშტაბებით ვითარდებოდა მცირე ბიზნესი. ეს არ იყო მხოლოდ ტფილისისთვის დამახასიათებელი. ხშირად გვხვდება ბათუმსა და სხვა ქართულ ქალაქებში ახლად შექმნილი საწარმოებისა თუ პატარა მაღაზიების განცხადებები. რეკლამების რაოდენობა და გაფორმების ხარისხი უდავოდ უნდა მეტყველებდეს იმდროინდელ საქართველოში კაპიტალის ბრუნვის საგრძნობ ზრდაზე. მაგალითისთვის 1880-იანი წლების „ივერიის“ ნომრების უმეტეს ნაწილში იშვიათია ზოგადად რეკლამების განთავსება არა მარტო გაზეთის პირველ, ყველაზე ძვირადღირებულ, არამედ ბოლო მეოთხე გვერდზეც კი. თუმცა თუ შევადარებთ ამ ნომრებს ამავე „ივერიის“ 1900-იანი წლებისა და მომდევნო პერიოდის ნომრებთან, ნათელია მკვეთრი სხვაობა რეკლამების რაოდენობასა და ხარისხში. დაახლოებით 1900 წლიდან „ივერიის“ თითქმის ყოველი ნომრის პირველი გვერდის ნახევარი ძვირადღირებული რეკლამებით იყო სავსე. იგივეს თქმა შეიძლება ბოლო, მეოთხე გვერდზეც, სადაც ასევე მრავლად იყო განთავსებული სხვადასხვა განცხადებები/რეკლამები. აღნიშნული პერიოდის ნომრებისთვის აგრეთვე და-მახასიათებელია რეკლამების საკმაოდ მდიდრული გაფორმებაც, რაც მეტ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

საკერავი მანქანა „ზინგერის“რეკლამა
XX საუკუნის დასაწყისში რეკლამები თავსდებოდა უკვე რეგიონულ პრესაშიც. გამოირჩეოდა გაზეთი „იმერეთი“, რომლის ერთ-ერთ ნომერში აბანოში განსაბანად გვეპატიჟებიან. ასევე მრავლად იყო სხვადასხვა სახის „მაშინები“ (საკერავი და საწერი). 1912 წლის „იმერეთის“ ერთ-ერთ ნომერში გამოჩნდა განცხადება: „იყიდება შანტეკლერის კაბა, კაბის ქსოვილი“.
„იმერეთში“ გამოქვეყნებული რეკლამების რაოდენობახშირად აღემატებოდა „ივერიისას“, ხოლო განცხადებების სტილი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო.

გაზეთი „იმერეთი“