საქართველოში ძველად კრედიტის გავრცელებული ფორმა იყო მევახშეობა. საკრედიტო ურთიერთობების კულტურა კი მონღოლთა „ოქროს ურდოს“ უკავშირდება, რადგან შუა საუკუნეებში გაჩნდა ვაჭართა საკრედიტო ასოციაცია, რომელსაც 1259 წლის სიგელით „ორთაღი“ (მონღოლური ამხანაგობა) ეწოდებოდა. „ორთაღი“ ასრულებდა უცხოური ფულის ადგილობრივზე გადახურდავებას, ზარაფობას (ფულის მოჭრა) და ქონების გირავნობით სესხად გასცემდა ნაღდ ფულს ან სხვადასხვა საქონელს.
პირველი სახელმწიფო საკრედიტო ორგანიზაცია თბილისში 1810 წელს დაარსდა და საზოგადოებრივი მზრუნველობის საგანგიო „პრიკაზი“ იწოდებოდა, ხოლო მის მოხელეებს ,,პრიკაზჩიკები“.
ორგანიზაცია სესხად გაცემული ფულისათვის ღებულობდა წლიურ 6%-ს სარგებელს, სესხის სიდიდე დაგირავებული ქონების 50%-ს არ აღემატებოდა. თუ აღებული ვალი დროზე არ დაიფარებოდა, გირაო „პრიკაზის“ საკუთრებაში პირდაპირი წესით გადადიოდა.
1849 წლიდან თბილისის „პრიკაზი“ ამიერკავკასიის „პრიკაზად“ გარდაიქმნა, შემნახველი სალაროებისა და ბანკების ყველა ფუნქციას ასრულებდა. მეანაბრეებს სარგებელს წლიურ 4%-ს უხდიდა. გარდა იმისა, რომ ორგანიზაცია ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებას ემსახურებოდა, იგი თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში იპოთეკური დაკრედიტების უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციაც იყო. 1890-იან წლებში თავადაზნაურობის მთელი ადგილ-მამულების მეოთხედზე მეტი „პრიკაზში“ იყო დაგირავებული.
1871 წელს შეიქმნა თბილისის კომერციული ბანკი (თბკ). იგი აწარმოებდა რუსული და უცხოური თამასუქების დისკონტს და რედისკონტს, გასცემდა ვადიან სესხებს, ასრულებდა რუსეთისა და უცხოეთის ბაზრებზე სახელმწიფო ქაღალდების, აქციების, ობლიგაციების, კუპონების მიხედვით ფულის მიღების დავალებას, ყიდდა და ყიდულობდა ძვირფასს ლითონებს ზოდებისა და მონეტების სახით, ღებულობდა ვადიან და უვადო ანაბრებს, პროცენტიან ქაღალდებს და სხვა ფასეულობებს. თბილისის კომერციულ ბანკს განყოფილება ჰქონდა ბათუმში, 1886 წლიდან ბაქოში და 1895 წლიდან კი ერევანში. ბანკის აქციები იყიდებოდა თბილისში, მოსკოვსა და პეტერბურგში.
1875 წლიდან კი, თბილისის საადგილმამულო ბანკი დაარსდა ილია ჭავჭავაძის თაოსნობით. ბანკი თავისი სახელმძღვანელო პრინციპით საფუძველშივე განსხვავდებოდა რუსეთის იმპერიის სხვა ანალოგიური ბანკებისაგან. ილია ჭავჭავაძემ საოცარი სიზუსტით შექმნა საბანკო მომსახურების ისეთი სისტემა, რომელიც მაშინდელი სამოქალაქო საზოგადოების ყველა ფენისათვის მისაღები აღმოჩნდა, ხოლო შემდგომში საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ეროვნულ ბანკს.
მოგვიანებით ილია წერდა, რომ „ამ სახით ტფილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი თითქმის ერთადერთი დაწესებულებაა საადგილმამულო კრედიტისა რუსეთში, რომლის წესდებითაც სრულიად უარყოფილია კერძო ინტერესი მოგებით სარგებლობისა საზოგადო სიკეთისა და საჭიროებისათვის“.
დაარსებისთანავე ბანკმა საზოგადოებრივი საჭიროებისა და საქველმოქმედო მიზნობრიობით გასცა 2 მილიონი მანეთი, რომელთაგან მეტი წილი დაიხარჯა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის (ახლანდელი უნივერსიტეტის) მშენებლობაზე. საერთო ჯამში ეს ფული მოხმარდა სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ, ეთნოგრაფიულ, საგანმანათლებო სფეროებს.
დანიშნულების მიხედვით განასხვავავდებოდა კრედიტის სახეები. ის კრედიტები, რომლებიც უშუალოდ მიწათმოქმედებისათვის გაიცემოდა, მიწისსამოქმედო კრედიტად იწოდებოდა, რაც თავის მხრივ იყოფოდა ორ სახედ, გრძელვადიან და მოკლევადიან კრედიტებად.
საადგილმამულო ბანკის წესდება, ემყარებოდა შემდეგ საფუძვლებს: „ბანკი მოქმედებს თბილისის გუბერნიის ფარგლებში და სასესხო ოპერაციებს აწარმოებს როგორც ნაღდი ფულით, ისე საკრედიტო ნიშნებით ანუ გირავნობის ფარგლებით; სესხი გაიცემა გრძელვადიანი 43 წლითა და 6 თვით სოფლის მამულებისათვის, ხოლო 27 წლითა და 6 თვით ქალაქის უძრავი ქონებისათვის. მოკლევადიანი სესხი გაიცემა 1 წლიდან 3 წლამდე ნაღდი ფულით უძრავი ქონების გირავნობით. წლიური მოგებისაგან, რომელიც ყველა ხარჯისა და ზარალის შემდეგ დარჩება, 45 პროცენტი უნდა გადაიდვას იმ თავნის შესადგენადმ რომელთაც უნდა დაკმაყოფილდეს ქართველი ხალხის ზოგადსასარგებლო საჭიროებანი. ბანკის საქმეებს განაგებს თავადაზნაურთა კრება, ზედამხედველი კომიტეტი და ბანკის გამგეობა, რომელიც შედგება 3 წევრისაგან: თავმჯდომარისა და ორი დირექტორისაგან რომელთაც საზოგადო კრება ირჩევს“.