ყოველწლიურად 120 000-ზე მეტი ადამიანი მოგზაურობს Hauterives-ის (სამხრეთ საფრანგეთი) მიმართულებით იმისთვის, რომ საკუთარი თვალით იხილოს ‘Palais Idéal’ – ანუ იდეალური სასახლე, რომელსაც ათასობით შეგროვებული კენჭისგან, საკუთარი ხელით აგებდა ფოსტალიონი – ჯოზეფ ფერდინარდ შევალი.
26 მეტრის სიგრძისა და 14 მეტრი სიმაღლის სასახლე მორთულია სვეტებით, ტერასებით, ცხოველების გამომსახველ ფიგურებით, რომლებიც სხვადასხვა კულტურის, ცივილიზაციისა და რელიგიის გავლენით შეიქმნა. ასევეა გაკეთებული წარწერებიც, ერთ-ერთ მათგანში შევალი წერს, რომ გამოსახულებების არსს მთლიანად ვერავინ ჩაწვდება, რაც ნაწილობრივ სიურეალისტურსა და ამოუცნობს ხდის “Ideal Palace”-სს.
შევალი 43 წლის იყო, როცა ჩვეულბრივ სამუშაო დღეს უცნაური ფორმის ქვას პირველად წააწყდა, მაშინვე ჯიბეში ჩაიდო. ,,სწრაფად მივდიოდი, როცა ფეხი რაღაცას წამოვკარი და წავიბორძიკე. მინდოდა მენახა რამ გამოიწვია ეს.
მახსოვს, ერთხელ სიზმარი მესიზმრა რომ სასახლეებს ან გამოქვაბულებს ვაშენებდი. ზუსტად არ მახსოვს, ვერ აღვწერ…მაშინ არავისთვის მითქვამს ამ სიზმრის შესახებ,გადამავიწყდა კიდეც. ახლა კი, როცა ქვამ თითქმის წამაქცია და მომინდა ნახვა, რა იყო, გამახსენდა: ეს იყო ქვა, ისეთი უცნაური ფორმის, რომ მაშინვე ჯიბეში ჩავიდე. ერთი დღის შემდეგ ისევ დავბრუნდი იგივე ადგილას. კიდევ უფრო მეტი ქვა ვიპოვე, კიდევ უფრო ლამაზი, შევაგროვე, რამდენიც შემეძლო, სიხარულისგან დავიბენი. ვიფიქრე, რადგან ბუნება სკულპტორია, მე არქიტექტორი ვიქნები’’, – წერს შევალი თავის დღიურში.
ამ დღეს დაიწყო მომდევნო 33 წლიანი შემგროვებლობა. შევალი უნიკალური ფორმის კენჭებს ეძებდა და აგროვებდა თავისი სასახლის ასაშენებლად. ჯერ შარვლის ჯიბეებით ეზიდებოდა, შემდეგ ურიკით. მშენებლობა კი ღამით, ლამპის შუქზე დაიწყო. ქვების ერთმანეთთან შეწებებისთვის შევალი ლაიმის, ცემენტისა და კირსხნარის ნარევს იყენებდა.
შევალმა 33 წელიწადი საკუთარი ოცნების რეალობად ქცევას მიუძღვნა, მას უნდოდა ,,თვალისმომჭრელი სასახლე” აეშენებინა და შეძლო კიდეც. ამ ნაგებობით უნდოდა ხალხისთვის დაემტკიცებინა, რომ სურვილი ყველაზე მთავარია, ერთ-ერთ კედელზე წარწერაა კიდეც – ,,ჩემი სურვილი კლდეებზე ძლიერი იყო, ამიტომ გამომივიდა ეს ყველაფერი “.
1907 წელს სასახლე ვიზიტორებისთვის გაიხსნა.
ფერდინანდმა ჯულია მიკაუდი დაიქირავა, რომელიც ვიზიტორებთან დაკავშირებულ საკითხებს აგვარებდა. შევალის შემოქმედების ნაწილია 78 წლის ასაკში თავისთვისვე აშენებული სამარხი. სამარხი 1 კილომეტრით მოშორებულია ideal Palace-ს.
შევალმა შეძლო საოცრების აშენება ყოველგვარი ფორმალური ცოდნის გარეშე. ალბათ, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმის, რომ მისი ქმნილება არ გავს სხვა არაფერს, ფაქტობრივად უნიკალურია. დღეს პალასი ღიაა საზოგადოებისთვის მთელი წლის განმავლობაში და ვიზიტის ფასი ზრდასრულებისთვის 7.50 ევროს შეადგენს.

შევალის საფლავი
თუ საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით აღმოჩნდებით, ნამდვილად ღირს ამ საოცარი ადგილის ნახვა. კედლებს უნიკალურობას ისიც მატებს, რომ მათზე ამოტვიფრულია შევალის მიერ შექმნილი პოეზია. იდეალ პალასს ასევე ამშვენებს წარწერა, რომელიც, ალბათ, მთელი ქმნილების ისტორიას რამდენიმე სიტყვაში ატევს – ,,კაცის ოცნება”.
წყარო: Business Insider