30 სექტემბერს, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, ყოველწლიური საერთაშორისო გარბენი, “თბილისიმარათონი 2018” გაიმართა. გარბენი კომპანია „ჰაიდელბერგის“ ორგანიზებითა და თბილისის მერიის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით ჩატარდა.
მარათონის ერთ-ერთი ოფიციალური სპონსორი იყო მისო „კრისტალი“, რომელიც მუდმივად იღებს მონაწილეობას მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებებში და ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეწევა.
წლევანდელი მარათონის მიზანს წარმოადგენდა ინკლუზიური საჭიროების მქონე მოზარდთა ცენტრის, „პირველი ნაბიჯის“ ხელშეწყობა და მისი შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა. ქველმოქმედების გარდა, ღონისძიება, ზოგადად, სპორტის პოპულარიზაციასა და დედაქალაქის ტურისტულ განვითარებას ემსახურება.
“ეს არის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო დონის შეჯიბრი, რომელიც თბილისში უკვე მეშვიდედ იმართება. მასში მონაწილეობას იღებენ პროფესიონალი მორბენლები, ორგანიზაციები, მოყვარულები, ბავშვები და უცხოელი სტუმრები. წელს მარათონს დაემატა მასტერ კლასის კატეგორია ვეტერანი მორბენლებისთვის. ასევე, მასში მონაწილე მორბენალს ენიჭება სარეიტინგო ქულა, რომელიც საჭიროა სამომავლოდ სხვა მარათონებზე მოსახვედრად, მაგალითად, ნიუ-იორკში, ბოსტონში ან ტოკიოში.” – განაცხადა გიორგი შეკრელიძემ, 2017 წლის World Run-ის გამარჯვებულმა.
“თბილისიმარათონი” 2012 წლიდან იმართება და მისი მასშტაბი ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება. გასულ წელს გარბენში მონაწილეობა 2000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის იყო 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი, დიპლომატიური კორპუსი, სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოსული 500-მდე უცხოელი მორბენალი და მრავალი სახელგანთქმული პირი.
წელს კი, თბილისიმარათონი რეკორდული შედეგით დასრულდა. გარბენზე 54 ქვეყნიდან 2720 მონაწილე დარეგისტრირდა, აქედან იყო 1425 მამაკაცი, 1295 ქალი და 176 გუნდი. მარათონი წარმატებით გაირბინა 1633 მონაწილემ. საბავშვო გარბენში კი, 500-მდე ბავშვი მონაწილეობდა. მორბენლებს საერთაშორისო სერთიფიკატები და მედლები გადაეცათ.