21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
🧦დაუნის სინდრომით ყოველი 800-დან ერთი ბავშვი იბადება.
🧦დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.
🧦დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.
🧦დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
🧦 დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად – დაუნი არის მეცნიერის გვარი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.
დაავადება პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა ჯონ ლენგდონ დაუნმა. მან 1866 წელს ინგლისში გამოაქვეყნა ესსე, სადაც აღწერა იმ ბავშვების ჯგუფი, რომლებიც საერთო ნიშნით გამოირჩეოდნენ დანარჩენებისაგან.
2006 წლის 21 მარტს პირველად აღინიშნა დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ, 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას.
21 მარტს ეს დღე საქართველოშიც აღინიშნება, ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
ამ დღესთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში იმართება „ჭრელი წინდების“ კამპანია, რომლის მიზანია ყველა ადამიანთან მიიტანონ ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და „ჭრელი წინდების“ შეძენით ხელი შეუწყონ რესურსების მობილიზებას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად.
საქართველოში „ჭრელი წინდების“ დღე “საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ და „გიგოს ფონდის“ მხარდაჭერით იმართება და კამპანიიდან შემოსული თანხა პროგრამა 7+ ის შექმნას მოხმარდება (7 წელს ზემოთ მყოფი ბენეფიციარებისთვის განმავითარებელი პროგრამები და პილოტირება).