ანჟე თორია 24 წლისაა. ის ბავშვობიდან აქტიურად ჩართული იყო სხვადასხვა პროექტებსა და აქტივობებში. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში „ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის“ და USAID-ის დაფინანსებით ახორციელებდა პროექტებს. სწავლობდა ჟურნალისტიკასა და მასობრივ კომუნიკაციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა, მოგვიანებით შეიცვალა მიმართულება და სწავლა სახვითი ხელოვნებისა და ტანსაცმლის დიზაინის მიმართულებით გააგრძელა.

ინდივიდუალური შეკვეთებისა და სტარტაპების პარალელურად, მუშაობს საკუთარი ბრენდის ჩამოყალიბებაზე. როგორც მომავალი მეწარმე დაინტერესებულია ამ სფეროთი და ცდილობს ყველა საშუალება გამოიყენოს მის უკეთ შესასწავლად.

ანჟემ მეუღლესთან, ბექა გიორგაძესთან ერთად ( გრაფიკული დიზაინერი და მხატვარ-ილუსტრატორი ) დაარსა გამორჩეული და კრეატიული სტარტაპი – ,,შენი ზოდიაქო“ (www.facebook.com/YourZodiac.ge), რომელიც ზოდიაქოზე შეყვარებულ მომხმარებელს სთავაზობს საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით დაპრინტულ, განსხვავებული და ორიგინალური დიზაინის მქონე მაისურებს, ჰუდებს, ჩანთებს, ბალიშებს, ჭიქებს, ბრელოკებს და სხვადასხვა აქსესუარებს. შეთავაზებული დიზაინების გარდა მომხმარებელს თავადაც შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და აირჩიოს მისთვის სასურველი პრინტი ან წარწერა და შესაბამისად, მიიღოს ზუსტად ისეთი პროდუქტი, როგორიც სურს.

USAID-ის პროგრამა YES-Georgia-ს და ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის მხარდაჭერით სტარტაპი ახალ საფეხურზე გადავიდა. დაფინანსების დახმარებით მათ შეიძინეს დამატებითი დაზგა-დანადგარები და ინვენტარი, რითაც მნიშვნელოვნად შეამცირეს წარმოების ხარჯები და გაამრავალფეროვნეს პროდუქციის ასორტიმენტი.

მათი სამომავლო გეგმაა: შექმნან ისეთი პლატფორმა, რომელშიც გაერთიანებული იქნება ზოდიაქოს თემატიკის ქვეშ არსებული ყველა პროდუქტი.