იტალიელმა დიზაინერებმა საერთაშორისო გამოფენაზე ფეხზე სადგომი სავარძლები SkyRider 2.0 წარადგინეს, რომელმაც შესაძლოა მოგზაურობა კიდევ უფრო გააიაფოს. სავარძლების დიზაინი საშუალებას მისცემს ავიაკომპანიებს მეტი მგზავრი დაატიონ თითოეულ თვითმფრინავში და შესაბამისად, ხარჯიც შეამცირონ.
დიზაინერები და ავიახაზები უკვე წლებია მუშაობენ იდეებზე, რათა გაზარდონ საჰაერო ხომალდების მაქსიმალური მოცულობა. გასულ წელს კოლუმბიური ავიაკომპანია VivaColombia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მედიას განუცხადა, რომ მკვლევარები მსჯელობენ თვითმრფინავებში ტრადიციული სავარძლების რაოდენობის შემცირებაზე და მათი სადგომი სავარძლებით ჩანაცვლებას განიხილავენ, რაც მომავალში შეამცირებს ავიაბილეთების ფასებს.
კომპანიები Airbus და Ryanair ასევე საუბრობენ სავარძლების ამოღების თაობაზე. Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ო’ლეარი მხარს უჭერს თვითმფრინავში ადგილების მინიმალისტურ განლაგებას, რაც შესაძლოა ბოძზე ჩამოკიდებულ სკამებს გულისხმობდეს. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით არცერთი ქვეყნის ავიაციის უფლებამოსილი ორგანო არ ემხრობა საჰაერო ხომალდების ვერტიკალური სავარძლებით დაკომპლექტებას.
ზოგადად, დღეს მსოფლიოში იაფ ბილეთებზე ნადირობა სერიოზულ ბიზნესად იქცა. ბევრი ვებსაიტი უკვე გთავაზობთ ფასების შედარებას და თქვენთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ბილეთის შერჩევას.
იაფ ავიაბილეთებზე მოთხოვნის ზრდა კონკურენტუნარიან ავიაკომპანიებს უბიძგებს მოძებნონ ტექნოლოგიური გადაწყვეტა, რათა მოგზაურობა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
წყარო: interestingengineering.com